გაუწმენდავი გზა, უშუქობა და ბუნებრივი აირის გათიშვა – დიდთოვლობამ და ყინვამ ქუთაისში პრობლები შექმნა

603

ქუთაისში ინტენსიური თოვის გამო გზებზე პრობლემები შეიქმნა. გართულდა ტრანსპორტის მოძრაობა. ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებში” განმარტავენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარებდა, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო უკვე გაწმენდილ მონაკვეთებზე სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

“მთელი ღამის განმავლობაში 4 ერთეული სპეც. ტექნიკით ვმუშაობდით. რელიეფურად რთულად მისადგომი ქუჩები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ნალექის ინტენსივობის გამო, ერთი და იგივე ადგილი რამდენჯერმე იწმინდება. ამ ეტაპზე პრობლემად რჩება რელიეფურად რთულად მისადგომი ადგილები. მუშაობს ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი,”- აცხადებენ “სპეციალურ სერვისებში”.

დიდთოვლობამ არა მარტო ქუთისში, არამედ მთელ იმერეთში ელექტროენერგიის შეზღუდვაც გამოიწვია. ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგა, თუმცა ამ დროისთვის დენის  გარეშეა დარჩენილი ქუთაისში აბონენტების 5%  და თერჯოლის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

“ენერგო-პრო ჯორჯიაში” განმარტავენ, რომ დენის მიწოდების შეფერხება ელექტროენერგიის  მოხმარების დატვირთვას უკავშირდება, რომელიც თავის  მხრივ,  ბუნებრივი აირის ორდღიანმა წყვეტამ გამოიწვია. ამის შესახებ ქუთისი პოსტი წერს.

“მოხმარების უეცარმა ზრდამ გამოიწვია ლოკალური, ინდივიდუალურ-ტექნიკური პრობლები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ეს გააგრძელება იქამდე, სანამ ქუთაისში ყველა აბონენტს სტაბილურად არ მიეწოდება ელექტროენერგია, ამ მომენტისთვის ქალაქის აქტიური მომხმარებლის 5% -ს დენი არ მიეწოდება”, – ამბობს “ენერგო-პროჯორჯიას”  ქუთაისის  სერვისცენტრის პრესამსახურის წარმომადგენელი თეონა გეგუჩაძე.

რაც შეეხება, თერჯოლის მოსახლეობას, მუნიციპალიტეტში განმარატვენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი გაგზავნილია.

საგულისხმოა ისიც, რომ ქუთაისში, მოსახლეობას ბუნებრივი აირი ორი დღეა შეზღუდულად მიეწოდება. “სოკარ ჯორჯიაში” განმარტავენ, რომ ძლიერმა ყინვებმა გაზის მილები დააზიანა, რაზედაც ამდრომდე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

გუშინ ბუნებრივი აირი ქუთაისში 40 ათასზე მეტ აბონენტს არ მიეწოდებოდა. მათ შორის იყო საბავშვო ბაღები, სკოლები და საავადმყოფოები, რის გამოც ხუთშაბათს ბაღებსა და სკოლებში სწავლა შეჩერდა.

“სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, 13 თებერვლის საღამოს მონაცემებით, ქუთაისში ბუნებრივი აირის გარეშე 10 000-მდე აბონენტია დარჩენილი. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სამუშაოები დილიდან განახლდა.