გენგეგმას თუ არ მოჰყვება საკანონმდებლო და, განსაკუთრებით, ინსტიტუციური ცვლილებები, ეს იქნება კიდევ ერთი საჯიჯგნი დოკუმენტი, – ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უნდა გაუქმდეს 2009 წელს შექმნილი ზონალური საბჭო, რადგან მისი მუშაობა კორუფციულ გარიგებებთანაა დაკავშირებული. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებით, გენგეგმის თემის გაპიარებით ”ქართული ოცნება” მოსახლეობას ატყუებს, რადგან თუ სხვადასხვა მიმართულებით არსებითი ცვლილებები არ განხორციელდება, ქალაქის განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებს ახალი გენგეგმის დამტკიცება ვერ მოაგვარებს.
”გენგეგმას თუ არ მოჰყვება საკანონმდებლო და, განსაკუთრებით, ინსტიტუციური ცვლილებები, ეს იქნება კიდევ ერთი საჯიჯგნი დოკუმენტი, როგორც 2009 წელს მიღებული მიწათსარგებლობის გენგეგმა.
2009 წელს შეიქმნა მიწათსარგებლობის გეგმა, იმავე დროს უგულავამ შექმნა ე.წ ზონალური საბჭო, რა არის ეს – ანუ გენგეგმაში რომ ზონებს აქვს სტატუსი მინიჭებული, ეს ზონალური საბჭო ამ სტატუსებს ცვლის და კოეფიციენტებით ვაჭრობს. ანუ ეს შეიქმნა ამის საჯიჯგნად და კორუფციისთვის. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ”ქართული ოცნება” და ნარმანია, ხელისუფლებაში იძახდნენ, რომ საბჭო არის ჩაწყობის, კორუფციის ბუდე, მაგრამ თავიანთი ხალხით დააკომპლექტეს ეს საბჭო. ზონალური საბჭო თუ დარჩა, დაიწყება ახალი გეგმის დაჯიჯგვნა. მე მინდა მოსახლეობამ იცოდეს და თავი არ მოიტყუოს, რომ არიქა გენგეგმა გვაქვს და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ასე არ არის”, – განცხადა ალეკო ელისაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი