ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში თვითნებურად შესახლებულებისთვის კორპუსების მშენებლობა 2021 წლის 13 ივლისამდე უნდა დასრულდეს

482

ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში თვითნებურად შესახლებულებისთვის სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა 2021 წლის 13 ივლისამდე უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „დაგთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 38 მილიონ 746 ათასი ლარი დაიხარჯება. სულ გათვალისწინებულია 582 ბინის მშენებლობა, რომლებიც დასახლებაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს, სოციალურად დაუცველებს, უსახლკაროებს და სხვა კატეგორიის ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემა.

ამ დროისთვის დასახლებაში 1600-მდე ოჯახია რეგისტრირებული. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მათთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მხოლოდ პირველი ეტაპია და სამომავლოდ უკლებლივ ყველა ოჯახი, რომელსაც ამის ობიექტური საჭიროება აქვს, საცხოვრებლით დაკმაყოფილდება.