გურჯაანის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, სადაც წყლის ხარისხზე იყო საუბარი, მისი სინჯი გაკეთდა. როგორც გაირკვა ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებმა ზღვრულ ნორმას 12 ერთეულით გადააჭარბა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
ა(ა)იპი მუნიციპალური სერვისის დირექტორის, თამაზ აბრამიშვილის განმარტებით, მონაცემები საგანგაშო არ არის, თუმცა ამბობს, რომ ხვალ სინჯი ხელახლა ჩატარდება.
„როცა მოვიდა ინფორმაცია, რომ წყალი საეჭვო იყო, ძალიან მალევე ავიღეთ სინჯი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავზიც და ონკანიც გაყინული იყო. ზოგადად, ყინულმა სინჯის დროს შეიძლება არასწორი შედეგი მოგვცეს. ბაქტერიოლოგიური კვლევის ზღვრული ნორმა არის 100 და დაფიქსირდა 112. ეს არანაირი განგაშის საფუძველს არ იძლევა. რაკი ეჭვს იწვევს ის, რომ დაახლოებით ოც მეტრში აღებული წყალი არის აბსოლუტურად ნორმაში და აქ მოგვცა ცდომილება, ანალიზი ახლიდან უნდა გავაკეთოთ, რადგან საქმე ბავშვებს ეხება. ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ქლორით დავამუშავებთ როგორც ავზს, ისე შიდა ქსელს, “ – ამბობს აბრამიშვილი.
მისივე თქმით, შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გარდა ამისა, დაქლორვიდან დაახლოებით 10 დღეში კიდევ ერთი ანალიზი ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავცელდა დაბინძურებული წყლის რეზერვუარის ფოტოები. თუმცა, ბაღის მენეჯერის თქმით, ავზი რეგულარულად სუფთავდება და ბავშვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.