ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, განათლების რესურსცენტრმა სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა.
„სწავლა ხვალ განახლდება. გაცდენილი დღე კი ერთ შაბათ დღეს ანაზღაურდება”, -განაცხადეს რესურსცენტრში.
სავარაუდოდ, ხვალ განახლდება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც. ქუთაისში, „სოკარ გაზის“ გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, ქალაქის თითქმის 60%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.