საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს.
„პროექტის შესაბამისად, ახალი რკინა-ბეტონის 6 მალიანი ხიდი შენდება. ხიდის მთლიანი სიგრძე 195 მ-მდე, ხოლო სიგანე 14 მეტრია. ამ ეტაპზე, სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის ვადაზე ადრე, მიმდინარე წელსვე დასრულება იგეგმება.
მდ. ქსანზე აშენებული ახალი ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ცალმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს.
სამუშაო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 4 145 905 ლარია“,-ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.