ხელვაჩაურის მერიის შენობასთან ხმაური იყო, სადაც ერთმანეთს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას” და ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები ხელვაჩაურის მერთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. „ალტერნატივას“ წევრებს მოძრაობა „გაბედეს” წევრები ტრანსფარანტებით შეუერთდნენ.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებს ხელვაჩაურის მერი შეხვდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეხვედრით უკმაყოფილო დარჩნენ და მოითხოვენ მერის თანამდებობიდან გადადგომას. აქციის მონაწილეებს შეკითხვები ჰქონდათ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მდინარე ჭოროხზე ინერტული მასალების ამოღების ფაქტებზე.
აქტივისტებმა ჯუმბერ ვარდმანიძეს მდინარე ჭოროხზე ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს და კორუმპირებული მმართველი უწოდეს.
ხელვაჩაურის მერმა ორგანიზაციის წევრები ცილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა,რომ აქციის მონაწილეებს შეუძლიათ სამართალდამცავ უწყებებს მიმართონ.
„ეს არის „ნაციონული მოძრაობის“ პიარ კამპანია, რომელშიც ჩართული არიან ეს ადამიანები. „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმე გამოელია და ასეთ ქმედებებზე გადავიდა. მათ არ მოაქვთ ფაქტები, დოკუმენტები და უნდათ მხოლოდ ხმაური. აჭარისწყალში ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. თუ ვინმეს აქვს ფაქტი, მიმართოს ჩემს წინააღმდეგ სამართალდამცველებს“, – აღნიშნა მერმა.