დიდ დიღომში, გოდერძი ჩოხელისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ ვიდეოდიალოგის დროს დასმული ერთ-ერთი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე, 7 109 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
„დიდ დიღომში ქაოტური განაშენიანების გამო, ძალიან ბევრი გამოწვევა დაგვხდა. გასულ წელს, კერძო დასახლებაში რვა ქუჩა მოწესრიგდა. აღნიშნულ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები ნესტან-დარეჯანისა და ჩოხელის ქუჩებზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, იან ჰომერისა და დანიბეგაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას დავიწყებთ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.
ამ დროისთვის, ჩოხელის ქუჩაზე, 317 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, 1 690 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 868 276 ლარი დაიხარჯება.