აუდიტი: თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია

797

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს, რაც გარდა იმისა, რომ შრომის კოდექსის დარღვევაა, უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია, – ამის შესახებ ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

უწყების ცნობით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ დანერგილი ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ორგანიზაციის სისტემა ხარვეზებს შეიცავს. აუდიტის სამსახურის ცნობით, კომპანიაში არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა.

ანგარიშის მიხედვით, ირკვევა, რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო 6 499 დასაქმებულიდან მხოლოდ 3 349-ს აუნაზღაურდა; ხოლო 2018 წელს 6 649 დასაქმებულიდან – 3 446 პირს.

ამასთან, 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტხანს ავტობუსის 1 398-დან 1 379-მა მძღოლმა იმუშავა, ხოლო 2018 წელს 1 438-დან 1 420-მა მძღოლმა.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზეგანაკვეთურ შრომას განაპირობებს მძღოლების სამუშაო რეჟიმი. კერძოდ, მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში მუშაობს 17 საათს და მეტს. 2017-2018 წლებში კომპანიამ გაზრდილი სატარიფო განაკვეთის სახით აანაზღაურა 1,310.9 ათასი ლარი.

„კომპანიაში დასაქმებული მძღოლების უმეტესობა კვირაში ზოგჯერ მუშაობს 48 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით. აღნიშნული პრინციპი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება „საქართველოს შრომის კოდექსის“ ძირითად მოთხოვნას და მეორე მხრივ, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია. გარდა ამისა, შრომის უკეთესი დაგეგმვისა და ორგანიზების პირობებში, კომპანია დაზოგავდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს”,- აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დაფუძნებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელიც ფლობს საწარმოს 100%-იან წილს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თბილისის მასშტაბით რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, შემდეგი ტრანსპორტით: ავტობუსები, მეტრო და საბაგირო გზები.