არარაციონალური ხარჯები, არასათანადო კონტროლი – აუდიტმა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” დარღვევები გამოავლინა

1015

შემდეგი სტატია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 2018-19 წლების შემოსვლები და ხარჯები შეისწავლა. აუდიტის ანგარიშით, შემოსავლები ჯამში 548 138 ლარს შეადგენს, ხოლო ხარჯები 386 858-ს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, კომპანიის ასევე, მერიის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმების არასათანადოდ ფუნქციონირების გამო, 2017-18 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო რესურსი დაკარგა და არსებული წესების დარღვევით გამოყენებული შეღავათიანი მგზავრობის ღირებულებები აანაზღაურა.

“ამასთანავე, მგზავრობის სატარიფო სისტემისა და კომპანიის მომსახურე საწარმოს მართვის მექანიზმის ხარვეზების გამო, არ არის უზრუნველყოფილი მგზავრობის ფასდაკლების სისტემის გამართული მუშაობა,”- წერია დასკვნაში.

დასკვნაში წერია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ N2 ავტობაზის მშენებლობის ყველა ეტაპი არსებითი დარღვევა-ნაკლოვანებებით განახორციელა. კერძოდ, აუდიტის მიხედვით, ობიექტი, რომელზეც ფულადი რესურსები ზედემტად დაიხარჯა, ექსპლოატაციისთვის პრობლემურია.

“კომპანიამ ჩაიბარა უხარისხო საპროექტო დოკუმენტაცია; ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ექსპერტულად არ დადასტურებულა; სატენდერო კომისიამ არ შეწყვიტა ტენდერი ობიექტის საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად; მდგრადობის თვალსაზრისით საჭიროა სამშენებლო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილის ხელახლა განხორციელება; არ არის გავრცელებული არსებითი მოცულობის საჯარიმო სანქციები,”- წერია დასკვნაში.

აუდიტის დასკვნით, მეტროს სადგურების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისას კომპანიამ არაეფექტიანი ხარჯები გასწია, რადგან ვერ შეძლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით განსაზღვრული შედეგის სრულად და დროულად მიღწევა.

ამასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანია შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა არ არის დაცული, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

“ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს მძღოლების უმეტესობა, რაც შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისათვის წამგებიანია ფინანსურადაც, გაზრდილი სატარიფო განაკვეთის გამო,”- წერია დასკვნაში.

აუდიტის მიხედვით, კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში დასაქმებულების მაგალითზე ფიქსირდება გაცდენილი დღეების, დაგვიანებების და ადრე წასვლის მრავალი შემთხვევა.

“კომპანიაში დანერგილი სისტემა სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ შეიცავს ხარვეზებს, რითაც არ არის გამორიცხული შრომითი ანაზღაურება სრულად გაიცეს დასაქმებულზე, რომელსაც დაკისრებული მოვალეობა არ შეუსრულებია ან ნაწილობრივ შეასრულა,”- წერს აუდიტი.

დაკვნის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სწორად ვერ განსაზღვრა შესასყიდი ბუნებრივი აირის საჭირო მოცულობა და გასწია არარაციონალური ხარჯი. კერძოდ, აუდიტის ანგარიშით, საწვავი შესყიდულია წინსწრებით, რითიც კომპანიამ ვერ მიიღო მნიშვნელოვანი მოცულობის სარგებელი, რომელიც მომსახურე ბანკში არსებულ ნაშთზე სარგებლის სახით დაერიცხებოდა.

“მმართველობით პროცესში მიღებული საკადრო გადაწყვეტილების შედეგად, კომპანიამ 2017-2018 წლებში გასწია მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯი. კერძოდ, კომპანიამ დასაქმებულები კანონშეუსაბამოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე აანაზღაურა მათი განაცდური ისე, რომ სრულად არ გამოიყენა მინიჭებული უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად,”- წერს აუდიტის სამსახური.

ცნობისთვის, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დაფუძნებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელიც ფლობს საწარმოს 100%-იან წილს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თბილისის მასშტაბით რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, შემდეგი ტრანსპორტით: ავტობუსები, მეტრო და საბაგირო გზები.