დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის მიზნით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების პროექტი დარეგისტრირდა. ბიუროს 10 თებერვლის სხდომაზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის ინიცირება იგეგმება.
კანონპროექტის თანახმად, დაუმთავრებელი მშენებლობები „სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის“ გადახდისაგან გათავისუფლდებიან.
იმისათვის, რომ სამშენებლო ობიექტებზე აღნიშნული შეღავათები გავრცელდეს, აუცილებელია: 1) ობიექტი ითვლებოდეს დაუმთავრებელ მშენებლობად; 2) ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილ ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა ჰქონდეს გამოცემული. კანონის პროექტის თანახმად, ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილებილ პირობებს.
„დღეის მდგომარეობით, არსებობს ისეთი დაუმთავრებელი მშენებლობებიც, რომლებსაც გააჩნიათ კანონით გათვალისწინებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, და ამ ფინანსური ვალდებულების გამო ვერ ხერხდება მშენებლობის პროცესის გაგრძელება. ამდენად, რადგან ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზანი არის დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება, მიზანშეწონილია განხორციელდეს სხვა დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებებიც, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების პროცესს. კანონპროექტის მიღება, ფინანსური თვალსაზრისით, იქნება დიდი სტიმული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისათვის და ხელშეწყობა ამ პროცესით დაზარალებული მოსახლეობისათვის,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის ინიციატორები დეპუტატები მერაბ ქვარაია და გოგა გულორდავა არიან.