ამირან გამყრელიძე მედიასაშუალებებსა და ქალაქების მუნიციპალიტეტებს მიმართავს

765

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის დაწყების მიზნით მედიასაშუალებებსა და ქალაქების მუნიციპალიტეტებს მიმართა.მ

ამირან გამყრელიძემ განსაკუთრებით აქტიური ჩართულობისკენ ტელემაუწყებლებს მოუწოდა და სთხოვა, რომ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სოციალური სრეკლამის სახით, ის მესიჯები გააჟღერონ, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ყოველდღიურად მიმართავს.

„მოგეხსენებათ ამ ტიპის ეპიდაფეთქებების და გლობალური საფრთხეების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ცოდნისა და განათლების ამაღლებას და მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიტანას და აქ სწორედ თქვენი როლი-მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვთხოვოთ მათ, თუ შესაძლებელია, რომ ამ მდგომარეობაში ვისარგებლოთ და ის აუცილებელი ინფორმაციები, რომელიც ძალიან ბევრია ჩვენს ვებგვერდზე, სწორი ინფორმაციები განსაკუთრებით ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით როგორც სოციალური რეკლამა პერიოდულად გაუშვით თქვენს გადაცემებში. ეს ძალიან წაადგება საერთო საქმეს და საერთო საქმე არის, რომ თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ეპიდაფეთქება ამ ახალი რესპირატორული ვირუსის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ინფორმაციისა და რეკომენდაციების გავრცელების მიზნით ქალაქებისა და მათ შორის დედაქალაქის მერიას მიმართა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სანამ ინფექციის ქვეყანაში შემოტანის საშიშროება ჯერ კიდევ არის სარეკლამო ადგილები დაუთმონ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილებებსა და გზავნილებს.

„მოვუწოდებ ასევე ყველა ჩემს კოლეგებს, სამედიცინო დაწესებულებებს, მათ ხელმძღვანელებს, მოვუწოდებ ყველა დიდი საჯარო დაწესებულებების და სავაჭრო დაწესებულებების ხელმძღვანელებს დიდი თავშეყრის დროს, მაქსიმალურად მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია ამ დაავადების და მისი პრევენიის შესახებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.