ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს

868

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს.

ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, იგეგმება თუ არა აქამდე არსებული მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ „საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა”, თუმცა არ აკონკრეტებს როდიდან.

„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა, მაგრამ ამ რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე ამ ნაბიჯებზე ვმუშაობთ. მიმდინარე წელსაც გარკვეული ცვლილებები იქნება. პირველ რიგში შეიძლება გაფარდოვსეს კომერციული ობიექტები, რომლებსაც უწევთ გადახდა. ჯერ ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ,”-განაცხადა თვალაბეიშვილმა.

ამასთან, თვალაბეიშვილის თქმით, კრიპტოვალუტის მაინინგის პრობლემა, რის შედეგადაც სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად იყო გაზრდილი, მოგვარებულია და ქსელზე არალეგალურად დაერთებული მოწყობილობები ჩაიხსნა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა.

ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

ცნობისათვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

მესტიის მუნიციპალიტეტში, შარშანდელთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება წელს ოთხჯერ გაიზარდა, რამაც სერიოზული პრობლემები გამოიწვია. გახშირდა ელექტროენერგიის გათიშვა, ძაბვის ვარდნა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა ტურისტული სეზონიც. ადგილობრივების თქმით, ეს ყველაფერი ე. წ. ბიტკოინების უკანონო ჩართვების გამო ხდება.

რამდენიმე დღის წინ ე.წ. მაინერების ამოღების მოთხოვნით მესტიის მოსახლეობამ აქცია გამართა.