თბილისის მერმა ისნისა და ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 19 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.
კახა კალაძის თქმით, 2 წლის განმავლობაში 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი.
“19 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადავეცით საცხოვრებელი ფართები. ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს დაწყებული. ეს არის საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემა იყო და აწუხებდა მოსახლეობას. ეს ეხება კონკრეტულად იმ ოჯახებსა და ადამიანებს, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში და დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. მათ თაობები გაზარდეს ამ სახლებში. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ჩვენ გავეცით დაპირება, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. პროცესი დაწყებულია. პროგრამით უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა, 800-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. თუმცა, ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მუშაობას. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართონ რაიონების გამგეობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული 19 ოჯახიდან 12 ოჯახი ისნის რაიონში, შალვა მშველიძის ქუჩის N16-ში ცხოვრობს. ისინი „თბილგვირაბმშენის“ თანამშრომლები არიან და აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან ცხოვრობენ. მათ უმეტესობას მუშაობის 25-წლიანი სტაჟი აქვს და მეტროს მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვით.
15-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილის ქუჩა N38-ში მცხოვრებ 7 ოჯახსაც.