სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფო ქონება აუქციონის გარეშე გადაეცემა. პარლამენტმა მესამე მოსმენით (75 მომხრე) მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, ცვლილება შედის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში. ასევე, ემატება 23, 24 და 25 ქვეპუნქტები.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან სასარგებლო წიაღისეულის შემდგომი გადამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, შესაძლებელი იქნება ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე გადაცემა, არაუმეტეს 49 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების გადაცემა მოხდება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი სარგებლობის საფასურის სანაცვლოდ.
ამასთან, სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 3 ჰექტარს. კანონპროექტის მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფო ქონებას, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება.
კანონპროექტის ინიციატორი – საქართველოს მთავრობა – მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით გადაცემა მომგებიანი არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელისთვის, რადგან აუქციონში გამარჯვების წინაპირობა უმაღლესი ფასის დაფიქსირებაა.
„კონკურენციაზე დამყარებული აღნიშნული პროცედურა მომგებიანია სახელმწიფოსთვის, მის საკუთრებაში არსებული ობიექტის მაქსიმალურად მაღალ ფასად რეალიზაციის/სარგებლობაში გადაცემის ფაქტორის გამო. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ნაკლებად არის გათვალისწინებული იმ მეწარმე სუბიექტის ინტერესი, სახელმწიფო ქონებაზე, ვისაც გაცემული ლიცენზიის საფუძველზე სახელმწიფომ უკვე მიანიჭა მოპოვებითი საქმიანობის განხორციელების უფლება და აღნიშნული ქონება ესაჭიროება სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლების – ლიცენზიის სრულყოფილად რეალიზაციისათვის,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.