სამგორის რაიონში მდებარე წმინდა ბარბარეს უბანში 10 440 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, – ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 600 ათას ლარს შეადგენს.
“სამგორის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელიც წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 600 ათას ლარს შეადგენს. ჯამში, 10 440 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მთლიანად მოწესრიგდება. ასევე, მოეწყობა გრუნტის დამჭერი ორი კედელი და საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე. პროექტის შედეგად, იქ არსებული მდგომარეობა მთლიანად გამოსწორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებული ის ფოტოც წარადგინა, სადაც კომპანია GWP მიერ ფრაგმენტულად შესრულებული საგზაო სამუშაო იყო ასახული და განმარტა, თუ როგორ გაჩნდა სამგორის რაიონში “ჩაკერებული გზა” და მონიშვნები.