კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა

738
გიორგი აბუთიძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გიორგი აბუთიძის კანდიდატურა დააყენა. როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აბუთიძე ამ დრომდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი აბუთიძე, რომელიც აქამდე იკავებდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. მანამდე კი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს ელექტროსისტემაში. პროფესიით ინჟინერია და ვფიქრობ, მისი გამოცდილება და სპეციალობა ძალიან გამოგვადგება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.

როგორც ადრე ვთქვი, წელსაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი დედაქალაქში და იმედი მაქვს, რომ გიორგი ამ ახალ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს”,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, აბუთიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.