CNN საქართველოში მდებარე 10 საოცნებო ადგილზე წერს

1187

10 საოცნებო ადგილი საქართველოში – CNN Travel საქართველოზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, CNN Travel-ზე სტატიების უმრავლესობას თავად აღწერილი ქვეყნები ასპონსორებენ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო, შესაძლოა, პატარაა, თუმცა ის მაინც დახუნძლულია გეოგრაფიული უპირატესობით.

“დასავლეთით, თქვენ აღმოაჩენთ სუბტროპიკულ ციტრუსის ხეივანს, რომელიც შავ ზღვისკენ მიისწრაფვის. აღმოსავლეთით კი, ვენახებს გადამწვარი სტეპი ენაცვლება ათასწლოვანი მონასტრებით.

საქართველოში მდებარეობს, ასევე, ევროპის 6 უმაღლესი მთიდან სამი, რომელთა ჩრდილშიც კავკასიური ველური ბუნება დათვებითარწივებით და მგლებით, საცხოვრებელს იყოფს ყველაზე იზოლირებულ და პეიზაჟურ მთის სოფლებთან, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენიათ“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ჩამოთვლილ ათ ადგილს, ავტორი როგორც გასაოცარს ისე ახასიათებს. მათ შორის ერთ-ერთია მუცო, სადაც მხოლოდ 22 ხევსურიღა ცხოვრობს. ასევე მოყვანილია კიდევ ერთი მაღალმთიანი დასახლება უშგული, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. სტატიაში საუბარია ვარძიაზეც, რომელიც თბილისიდან ხუთი საათის სავალზეა და სადაც წარმოდგენილია გამოქვაბულების კომპლექსი.

გელათის მონასტერი – ავტორი მსურველს ურჩევს ქუთაისში მდებარე ამ მონასტერს ეწვიოს და გაეცნოს ბიზანტიის სტილის ფრესკებს. ავტორს არ გამორჩენია გერგეთის სამებაც, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს და რომელიც მე-14 საუკუნეში გლეხებმა ააგეს.

CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ასევე ანანურზე და გომისმთაზეც, რომელიც გურიის მთებში მდებარეობს. ავტორი ამბობს, რომ გომისმთა მესტიის, ბორჯომისა და სტეფანწმინდისგან განსხვავებით ნაკლებად ცნობილია.

სტატიის ავტორს არც სიღნაღი გამორჩენია, სადაც მსურველს ღვინის დაგემოვნება შეუძლია. ასევე დართლო, რომელიც თუშეთის ნაწილია და სადაც ქვის კოშკების ნახვაა შესაძლებელი.

და ბოლოს, ავტორი საუბრობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე, რომელიც ვიზიტორს მეექვსე საუკუნეში ამოგზაურებს.