გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიას სურს, რომ C ჰეპატიტით დაავადებულთა ნაცვლად, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებულებს დაეხმაროს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“რადგან ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების სრულად დაფინანსება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამოვიღოთ C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური დახმარება და მათზე განკუთვნილი თანხა მივმართოთ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დაავადებულნი არიან ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით”, – აღნიშნავენ პროექტის ავტორები ზურაბ ყაჯრიშვილი და თამარ მურალოვა.
როგორც ცნობილია, ერთჯერადი სოციალური დახმარება აღნიშნული დაავადებების მქონე პირთათვის 500 ლარი იქნება.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნულ საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს.