თელავის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, წელს ქალაქში ზაფხულის მორიგე ბაღი არ იმუშავებს. ქალაქში სულ 9 საბავშვო ბაღი და 1529 აღსაზრდელია. როგორც თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა, თელავში მორიგე ბაღი არ ყოფილა.
“მორიგე ბაღის გახსნის ინიციატივით ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მივმართეთ. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო, მორიგე ბაღის გახსნა ამ ზაფხულს შეუძლებელია. გვაქვს სურვილი, რომ ამ კუთხით სიახლე მომავალ წელს აუცილებლად იყოს”, – განაცხადა გაერთიანების ხელმძღვანელმა თინათინ ხანჯალიაშვილმა.
თელავის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით მშობლების გამოკითხვაც ჩატარდა და გამოკითხვის შედეგები ასახული იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
წყარო: აიპრესი