ძამის ხეობაში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ციციშვილების აბანოს რესტავრაცია იწყება.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შიდა ქართლში, ძამის ხეობაში მდებარე ციციშვილების აბანოს რესტავრაციას იწყებს. შუა საუკუნეების პერიოდის ძეგლის რესტავრაციის დაწყების პროცესს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ისტორიული ობიექტი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. ნაწილობრივ ჩაშლილია ნაგებობის გუმბათები და გასახდელის სამხრეთ კედელი. მთლიანად ჩაშლილია აბანოს დარბაზის იატაკი, აუზები კი, ნაშალი მიწითაა ამოვსებული.
,,პროექტის ფარგლებში, საჭიროა, განხორციელდეს აბანოს გარე და შიდა სივრცის გაწმენდა, არსებული არქიტექტურულ – არქეოლოგიური ანაზომების დაზუსტება, სრულყოფა და რეალური მდგომარეობის ასახვით – კორექტირებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომების მომზადება”, – განაცხადა ანთიძემ.
,,ძალზე მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის თითოეული ძეგლის შენარჩუნება, პირვანდელი სახის აღდგენა და მოვლა-პატრონობა. საკმაოდ დაზიანებულია ციციშვილების ისტორიული აბანო, რომელსაც 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. პროექტის ფარგლებში, არაერთი სამუშაოს ჩატარება იგეგმება, შესაბამისად, ჩვენს რეგიონს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის შიდა ქართლის და ძამის ხეობის ტურისტულ პოტენციალს, რომელიც, აქამდე, ძირითადად, პილიგრიმული სახის ტურებს მასპინძლობდა. ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელება ადგილობრივი თუ საქართველოში სტუმრადმყოფი ვიზიტორების უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს“, – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
ციციშვილების აბანოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა.