ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „რიყის დოქების” საპრივატიზებო ღირებულება საკმაოდ მაღალია, რაც მშენებლობის ხარჯებს და მიწის ღირებულებას უკავშირდება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ე.წ. რიყის დოქების გასაყიდი ღირებულების ადეკვატურობის შეფასებისას განუცხადა.
„100 საპრივატიზებო ობიექტი როდესაც დავაანონსეთ, ვთქვით, რომ პერიოდულად საინტერესო მსხვილი ობიექტები დაემატებოდა ამ ნუსხას და დანაპირებს ვასრულებთ. ამ ეტაპზე ესაა „რიყის დოქები“, რომელიც თავის დროზე დიდი თანხა დაჯდა. არის საკმაოდ აქტიურ ტურისტულ ადგილას. სამწუხაროდ, დღემდე ვერ იპოვა თავისი საბოლოო დანიშნულება ამ ობიექტმა. რამდენად ადეკვატურია ეს შეფასება, ამას აუქციონი გვიჩვენებს. მოდით ბაზარმა გადაწყვიტოს“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ქონების პრივატიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუქციონზე ე.წ. რიყის დოქები გამოაქვს. ამის შესახებ განცხადება გუშინ, მთავრობის სხდომის შემდეგ უწყების ხელმძღვანელმა, ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ცენტრში, 15 000 კვ.მეტრზე განთავსებული ობიექტის შეფასება მოხდა არსებული წესით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და მისი ფასი 95 მილიონი ლარია.
გუშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ “რიყის დოქები” ვერ გასხვისდება, მერია შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თავად გააკეთოს.
მიისვე თქმით, თბილისის მერია მზად იყო 1 ლარად გასხვისებულიყო „რიყის დოქები”, თყუმცა არავინ დაინტერესდა. გარდა ამისა, 20 მილიონის სამუშაოები არის ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგებული იყოს, რემონტი ჩაუტარდეს და რაიმე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს.