გურჯაანში, ახტალის ხევს ძირითადად გარემოვაჭრეები აბინძურებენ

974

გურჯაანში ახტალის ხევი კვლავ დასასუფთავებელია, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მისი დაბინძურება რეგულარულად ხდება. ამის შესახებ სპექტრი წერს. 

„წლებია უკვე ასეთი მდგომარეობაა. გარემოვაჭრეები ნაგავს და ბოსტნეულის ნარჩენებს პირდაპირ ხევში ყრიან. ეხლა კიდევ არაუშავს, ზაფხულში ისეთი სუნი დგას, ფანჯრებს ვერ ვაღებთ. პატრონი არავინ არის. ერთხელ რომ დააჯარიმონ ვინმე, მეორედ ამას აღარავინ გააკეთებს. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ხევის მიმდებარე ტერიტორია ტუალეტად აქვთ გამხდარი. გარდა იმისა, რომ ანტისანიტარია და სუნია, აქ მცხოვრებლებს დისკომფორტსაც გვიქმნის ამის მომსწრეები რომ ვხდებით“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, ხევის დასუფთავება გარკვეული ინტერვალით ხდება.

„ხევის სუფთავდება იმის მიხედვით, თუ რა დონეზეა დაბინძურებული. ჯარიმები არ იწერება, რადგან ვერ ხერხდება სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება. იქ ჩვენს თანამშრომელს მუდმივად ვერ დავაყენებთ და ინსპექტირებისას კი მსგავსი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, არც მოსახლეობიდან არავის მოუმართავს“, – ამბობს რამაზ ქიტიაშვილი.

რამაზ ქიტიაშვილიც ამბობს, რომ ხევს ძირითადად გარემოვაჭრეები აბინძურებენ და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ბაზრის აშენების შემთხვევაში, ეს პრობლემა გადაიჭრება.