რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მისმა უწყებამ კურორტების მართვის კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტს გადაუგზავნა.
საქმე იმაშია, რომ როგორც რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, „საკურორტო ზონას უნდა მართავდეს ერთი გენერალური მენეჯერი“.
მაია ცქიტიშვილის განმატებით, კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, დამოუკიდებელი მენეჯმენტით კურორტების მართვის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ, რომლებიც კურორტების სერვისების განვითარებაზე იქნებიან პასუხისმგებლები.
„ჩვენმა უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უკვე პარლამენტშია და რომელიც გულისხმობს იმ შესაძლებლობას, რაც ექნება ცალკეულ მუნიციპალიტეტებს, სადაც საკურორტო ზონებია. მაგალითად, ბაკურიანი, გუდაური, შეიძლება იყოს ურეკი, ან თუნდაც უშგული, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური ადმინისტრაციული ორგანო. მაგალითად, ბაკურიანს დღეისთვის ემსახურება ბორჯომის მუნიციპალიტეტი და დღეისთვის კურორტზე ადამიანთა გაზრდილი რაოდენობის და საჭიროებების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ასე დისტანციურად ვერ უზრუნველყოფს ბაკურიანში სერვისების განვითარებას.
ჩვენმა სამინისტრომ პარლამენტს მისცა ეს კანონპროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას, დააფუძნონ კურორტების მართვის ორგანიზაციები, რომელსაც ეყოლება თავისი მენეჯმენტი და რომელიც უზრუნველყოფს ამ კურორტებზე მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდებას, ისევე როგორც ამ კურორტების ერთიან მართვას“, – განაცხადა მინისტრმა.