ქალაქ გორში დამონტაჟებულ ტრენაჟორებზე აღნიშნულია, რომ ის რუსული წარმოებისაა. ამ ფაქტს ყურადღება “ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციაში მიაქციეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ფრაქცია ,,ძლიერი გორის” წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები მიმართულია ოკუპანტის ქვეყნისკენ.
ამის საილუსტრაციოდ, qartli.ge-მ ტრენაჟორების ფოტოები ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ღია ფიტნეს-მოედანზე გადაიღო. სპორტულ ინვენტარზე აღნიშნულია, რომ ინვენტარი, 2019 წელს, რუსეთში, ჩუვაშების რესპუბლიკაში დაამზადეს.
ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ფიტნეს-მოედანზე მაკედონ ანანიკოვის კომპანია მუშაობდა. მაკედონ ანანიკოვი ამბობს, რომ საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ასეთი ხარისხის ტრენაჟორები შემოაქვს:
,,ეს ტრენაჟორები ჩვენ არ შემოგვიტანია. არის კომპანია, რომლის სახელი არ ვიცი, მაგრამ მას შემოაქვს რუსეთიდან” – გვითხრა მაკედონ ანანიკოვმა.
qartli.ge-მ მოიძია დოკუმენტური მასალა და ირკვევა, რომ სპორტული ინვენტარის შესაძენად ტენდერი სულ 4-ჯერ გამოცხადდა, დანარჩენზე პირდაპირი შესყიდვის წესით განხორციელდა. ტენდერი მხოლორ სოფლებს: სობისი, ძევერა, ტყვიავისა და ქვახვრელის ფიტნეს-მოედნების მოსაწყობად გამოცხადდა. ამ ოთხი ტენდერიდან 3 ტენდერში გაიმარჯვა ,,ექსმეიდმა”, რომლის მფლობელი თურქი ბიზნესმენი იუსიფ თაშქირანია, ხოლო მეორე კომპანია გახლავს ქართული.