ორხევში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი 76-ე საბავშვო ბაღის დახურვის მიზეზის დადგენას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მცირე ხნით სავტომობილო გზაც გადაკეტეს.
„18 ნოემბრის შემდეგ ბაღი არის დაკეტილი და პასუხს ვერ გვცემენ, ამბობენ, რომ რაღაც გაზის გაჟონვაა. მოჰყავთ ექსპერტები, მაგრამ პასუხი არ აქვთ. ჩვენ ვითხოვთ ალტერნატიული ფართი გამოგვიყონ, ან გვითხრან შეიძლება ამ ბაღში შესვლა თუ არა. ბაღის დირექტორი ხან იმალება, ხან პასუხს არ გვცემს, ჯერ ვერ გავიგეთ რა ხდება. საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის. ჩვენ მივმართეთ მერიას ალტერნატიული ფართის გამოყოფის მოთხოვნით, მაგრამ, გვეუბნებიან, რომ ჯერ ვერ გამოყოფენ, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება”, – განაცხადა ადგილობრივმა ნატალია კაციტაძემ.
76-ე ბაღში სასწავლო პროცესი 18 ნოემბერს, „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლების რეკომენდაციით შეწყდა. მიზეზი ბუნებრივი აირის სუნი გახდა. მშობლების განცხადებით, ტერიტორიაზე სუნი ნამდვილად იგრძნობოდა, თუმცა ეს საშიში არ არის და სწავლის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის.
დღეს ბაღის შენობაში კერძო სამეცნიერო კვლევითი ფირმა “გამას” ექსპერტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ჰაერის ნიმუშები აიღეს. მათი თქმით, აღებული ნიმუშების გამოკვლევას დაახლოებით 4-5 დღე დასჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დასკვნის გაკეთება.