საკოორდინაციო ჯგუფმა მესტიაში მთის კურორტებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელა

797

მიმდინარე ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრისა და საჭიროებებზე დროული რეაგირების მიზნით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა სვანეთში გაიმართა. ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ სამუშაო შეხვედრა მესტიაში შედგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საკოორდინაციო შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კუროტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით საკოორდინაციო ჯგუფი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამუშაო შეხვედრებს. სვანეთში საკოორდინაციო შეხვედრა ყველა უწყებასთან შედგა, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულია სამთო-სათხილამურო კურორტთან,ისევე როგორც ტურიზმთან. ჩვენ ადგილზე გავეცანით სეზონზე მიმდინარე გამოწვევებს,ისევე როგორც წარმატებით განხორციელებულ პროექტებს, რომელიც შესრულდა წინა სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის. ასევე დავათვალიერეთ სათხილამურო ტრასები, ვნახეთ საკმაოდ ბევრი საერთაშორისო, ისევე როგორც შიდა ტურისტი. იქიდან გამომდინარე რომ სამთო-სათხილამურო ტრასები გამართულია და თოვლიც გვაქვს. მოვუწოდებ ყველა უცხოელ და ქართველ ტურისტს იმოგზაუროს სვანეთში ზამთრის სეზონზე”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, უწყებები ზამთრის სეზონის განმავლობაში კოორდინირებულ რეჟიმში მოქმედებენ, რათა კურორტების მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს. სვანეთში გამართულ შეხვედრაზე ზამთრის სეზონზე არსებული გამოწვევები და მათი მოკლე ვადაში შესაძლო გადაჭრის გზები განიხილეს. საკოორდინაციო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელებთან ერთად სვანეთში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ელექტროენერგიის ჭარბი გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო შეფერხების დაფიქსირების შემთხვევაში მოქმედების სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს.

„მესტიაში გამართულ შეხვედრაზე წყალმომარაგების, გზების, პარკინგისა და სამედიცინო მომსახურეობის საკითხებზე იმსჯელეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსი დაათვალიერა.

შეაფასეს არსებული სიტუაცია. ორივე სათხილამურო არეალი ვიზიტორების მისაღებად მზად არის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.