ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

468

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-15 საბავშვო ბაღი გაქურდეს. სამსახურში დილით მისულ გამგეს, ინეზა ზაქარაიას ოთახებში ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი არ დახვდა.

„საღამოს დავკეტე რკინის კარები და დილით რომ მოვედი, ფანჯარა ღია დამხვდა, კარები კი ჩამტვრეული. წაღებულია ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი“, – განაცხადა ინეზა ზაქარაია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საბავშვო ბაღის დირექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. საქმეზე აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.