ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიტიხევამდე ასფალტი დაიგება. ამის შესახებ qartli.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
სამუშაოებისთვის 480 000 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გზის რეაბილიტაცია ზაფხულამდე უნდა დაასრულოს.
“საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთს, რომელსაც კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია, წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, ასფალტის საფარი პრაქტიკულად არ არის შემორჩენილი წლების მანძილზე ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან ხდებოდა საპროექტო მონაკვეთის ქვიშა ხრეშით მოხრეშვა, მაგრამ ზოგიერთ ადგილებში არის ორმოები, არსებულ გზაზე არ არის შესრულებული როგორც გრძივი, ასევე განივი წყალმოცილება, სანიაღვრე სისტემა ძირითადად მოუწყობელია, წვიმიან ამინდებში არსებული ორმოები იფარება წყლით და სახიფათოს ქმნის გადაადგილებას,” – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე შეადგენს 1,156 კმ-ს, რომელიც მთლიანად გადის ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ჩიტიხევი მდინარე ხვედურულას ხეობაში მდებარეობს. მოასფალტებული გზა მხოლოდ სოფელ ხეობამდეა.