ქუთაისში „მზეჭაბუკის“ დაბრუნებას ითხოვენ

931

ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის ავტორობით შექმნილი „მზეჭაბუკის“ დაბრუნებას ითხოვენ. ჟურნალისტის ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, “დიდების მემორიალის” შემადგენელი ქანდაკება ქალაქს უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. 

„საქართველოს ისტორიაში მერაბ ბერძენიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მოქანდაკე იყო. იშვიათად, მსგავსი ხელოვანი გვყავდეს ისტორიაში, მისი ეს ნამუშევარი, „მზეჭაბუკის“ ფიგურა იყო ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული. ადრე გვითხრეს, რომ ეს დასაწყობდებოდა და სადმე განთავსდებოდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. არავინ იცის სად არის, განადგურდა თუ არა ეს უნიკალური ნამუშევარი?. გვინდა მოხდეს მისი რესტავრირება და ქუთაისში, სადმე  განთასება. გამიხარდებოდა და კარგი იქნებოდა, თუ ქალაქის ხელმძღვანელობა დაინტერესდება „მზეჭაბუკის“ ბედით და სადმე ქალაქის ცენტრში განათავსებდნენ“, – წერს ხვიჩა ვაშაყმაძე.

მის პოსტს  სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა. ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძის განცხადებით, ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა და ის ამ დროისთვის მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოშია.

“მე ვფლობ უტყუარ ინფორმაციას. ბერძენიშვილის სახელოსნოშია, აღდგენილი, გამზადებული და არის ქუთაისის საკუთრება. მეც მინდა დაიდგას სადმე”, -აცხადებს ლიკლიკაძე.

განსხვავებული აზრისაა სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი: “აბა რამე კარგის დადგმას კი არ ინატრებენ…. სად გაახსენდათ ეს კომუნისტური უტოპია, მეორე მსოფლიო ომი, ცხენი და ხმალი, ზუსტად რომ ჯდება ლოგიკაში!… სტალინის ძეგლსაც მოითხოვენ როგორც ვატყობ და ლენინის მალე, იქეთ მიდის აზროვნება! “-წერს ემზარ ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, ცხენზე ამხედრებული ჭაბუკის ქანდაკება ქუთაისის „საბრძოლო დიდების მემორიალის“ წინ იდგა და მემორიალის დემონტაჟამდე აიღეს.