როგორია გურჯაანის ტურისტული განვითარების გეგმა

818

პირველად გურჯაანში ეკონომიკური, მათ შორის, ტურისტული  განვითარების გეგმა შემუშავდა. მუნიციპალიტეტის მერიის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, შედგენილია ასევე სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს დეტალურად გაწერილ 18 პროექტს, რომლის სრული ბიუჯეტი შეადგენს 45 მილიონ 971 ათას ლარზე მეტს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის დახმარებით პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, ეკონომიკური განვითარების გეგმა შეიმუშავა, რომელიც მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, დასაქმების და მცირე ბიზნესის განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მერიაში განმარტავენ, რომ ყველაზე მეტი თანხა ტურიზმის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიხარჯება.

ჩამოყალიბებული მიზნებიდან გამომდინარე ფულადი სახსრები გადანაწილებულია შემდეგნაირა: მევენახეობა მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციისთვის დაიხარჯება თანხის 2.6%, ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად -87.8%, მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის – 9.6%.

მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის, საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების მართვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი ნინო ნინოშვილი განმარტავს, რომ გეგმის დახმარებით უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალი.

,,სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია ღონისძიებები, რომელიც ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. საბოლოოდ ეს პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს დასაქმებას და შემოსავლების ზრდას მუნიციპალიტეტში. ეკონომიკური გეგმის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მარკეტინგული აქტივობების განხორციელება. გარდა ამისა, ასევე მოხდება მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით.

ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი პროფესიული სასწავლებლების შექმნა, საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება, საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გატანა, ტურისტული ობიექტების რეაბილიტაცია და მთლიანობაში ამ ყველაფერმა უნდა შექმნას ის რომ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ზრდა უნდა განიცადოს მუნიციპალიტეტმა’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, პროექტების ნაწილი დაფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების ფინანსური თანამონაწილეობით, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

მერი განმარტავს, რომ გურჯაანი, ეკონომიკურად მზარდი პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტია, რომლის წამყვანი დარგები ტურიზმი და სოფლის მეურნეობაა, აქ განთავსებულია ყველაზე მეტი საოჯახო ტიპის მარანი, ღვინის ქარხანა და უნიკალური მიკროზონები.

მერიაში განმარტავენ, რომ ბოლო წლებია გურჯაანში აქტიურად ვითარდება ღვინის ტურიზმი, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე საოჯახო ტიპის მარნების რაოდენობა გაიზარდა 10-დან 48-მდე.

მათივე განმარტებით, მუნიციპალიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 9 საოჯახო ტიპის სასტუმრო 176 საწოლით და 6 სტანდარტული ტიპის სასტუმრო 395 საწოლით.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულების განმარტებით, აუცილებელია ისეთი პროექტები განხორციელდეს, რომელიც მუნიციპალიტეტში ახალი სერვისების დანერგვას შეუწყობს ხელს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოქმედი აგროტურისტული ცენტრის ხელმძღვანელი სალომე მათიაშვილი განმარტავს, რომ ტურიზმის მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში მეტი ტურისტის შემოდინებას.

“კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომ მეტად პოპულარული გახდეს კახეთი. საქართველოში ჩამოსული ტურისტების 80% მოდის კახეთში, მათ ისეთი პირობები უნდა დავახვედროთ, რომ მეორედაც მოუნდეთ ჩამოსვლა’’,- განუცხადა knews.ge-ს სალომე მათიაშვილმა.