სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ა(ა)იპ–ის აღმასრულებელ დირექტორად შსს-ს ყოფილი თანამშრომელი შეირჩა

1002

წინა სტატია

ა(ა)იპ “დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელ დირექტორად დავით მუმლაძე შეირჩა. იგი რვა წლის განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მუმლაძე უფლება-მოვალეობის შესრულებას სამი იანვრიდან შეუდგა. იგი პროფესიით იურისტია, თუმცა როგორც თავად ამბობს, ტურიზმის სფეროში ოთხწლიანი გამოცდილება აქვს.

დავით მუმლაძეს სხვადასხვა წლებში ახალციხის, ვალეს და აბასთუმნის პოლიციაში უფროსის პოზიცია ეკავა. ასევე, იყო საპატრულო პოლიციაში, საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი. ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე – დეტექტივების განყოფილების უფროსი.

ა(ა)იპ–ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე კონკურსი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ვერავინ შეარჩიეს. მუმლაძე მესამედ, გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შემდეგ აიყვანეს.

მან საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება გაიარა. ამბობს, რომ, ამ ეტაპზე, ბევრს ვერაფერს იტყვის, რადგან ახალი დანიშნულია და გაცნობის პროცესშია. გასაუბრებაზე ყურადღება რეგიონის იმ ადგილებზე გაამახვილა, რომელიც ტურისტებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.

“ვისაუბრე იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა დავაყოვნოთ ტურისტები ჩვენს რეგიონში. მქონდა შესაბამისი გეგმაც წარდგენილი. გვაქვს ლოკაციები, რომლებიც აქამდე უცნობია. თუნდაც ტაბაწყურის მიმდებარე ტერიტორიები. ტაბაწყურს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ მოხდეს აქტიურად დატვირთვა.

დაგეგმვის პროცესში ვართ, ვყალიბდებით. შევქმნით ბაზას რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების, რათა შემდგომ გავაცნოთ მოსახლეობას და იმ ტურისტებს, რომლებიც სამცხე–ჯავახეთის მონახულებას გეგმავენ“, – განაცხადა დავით მუმლაძემ.

დირექტორის გარდა აღნიშნულ სამსახურში, კიდევ ერთი თანამშრომელი ჰყავთ. ასევე, იგეგმება დამატებით, ერთი თანამშრომლის აყვანაც.

ტურისტულ ა(ა)იპ–ს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი აფინანსებს. მიმდინარე წელს გამოყოფილია 90 000 ლარი.

სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.