6 მილიონ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო ნებართვა თბილისის მასშტაბის ქალაქისათვის წარმოუდგენლად დიდია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვისას საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა სხდომაზე გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის, მერაბ ბოლქვაძის განცხადებას, რომელიც სწორედ 6 მილიონ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო ნებართვებს ეხებოდა. ალეკო ელისაშვილის თქმით, მოსკოვის შემთხვევაში, რომელიც თბილისზე გაცილებით დიდია, ეს ციფრი წელიწადში 3 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს.
”6 მილიო კვადრატულ მეტრზე სამშენებლო ნებართვა არის წარმოუდგენლად დიდი თბილისისხელა ქალაქისათვის. ახლახან ვკითხულობდი, მოსკოვში, რომელიც არის 12-მილიონიანი ქალაქი და გაცილებით მდიდარი ხალხი ცხოვრობს, 3 მილიონ კვადრატრულ მეტრს ვერ ყიდის ერთი წლის განმავლობაში. ჩვენთან, გაცილებით, ლამის 10-ჯერ ნაკლებ გაჭირვებულ ქალაქში, 6 მილიონ კვადრატულ მეტრ მიწაზე მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია და კიდევ და კიდევ შემოდის გასაცემად”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, მერაბ ბოლქვაძე ამ წუთებში საკრებულოს დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის წარდგენა დაახლოებით ერთი საათი გრძელდებობა. არსებული დოკუმენტი საკრებულოს ოპოზიციამ დადებითად შეაფასა.
წყარო: ინტერპრესნიუსი