გონიოში, ახალაძეების საცხოვრებლის მომიჯნავედ, ექვსსართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა ოჯახი პროტესტს მაინც არ წყვეტს. ირწმუნებიან, რომ მშენებელმა ისინი მოატყუა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მარინა ახალაძე გვიხსნის, რომ მშენებელი ობიექტს იმ მიწაზე აგებს, რომელიც 15 წლის წინ თავად გაყიდა, თუმცა პირობით, რომ მშენებლობისას ახალი მფლობელი მის საკარმიდამო საზღვართან მანძილს დაიცავდა და მხოლოდ სამსართულიან შენობას ჩადგამდა.
პროტესტს მშენებარე სასტუმროს კიდევ ერთი მეზობელი, ნარგიზ ტყეშელაშვილიც უერთდება. ამბობს, რომ თავს საოჯახო სასტუმროთი ირჩენს, რომ სეზონური შემოსავლით ფარავს ბანკში სასესხო ვალდებულებასაც. ახლა კი შიშობს, რომ როცა ექვსსართულიანი სასტუმრო საკუთარ საცხოვრებელს ხედს დაუკარგავს, დაკარგავს დამსვენებელსაც. დიასახლისი ამბობს, რომ ქუჩაზე და მის შემოგარენში არსებული დაბალი საცხოვრებელი სახლების პირობებში, მაღალი კორპუსები ვენტილაციის პრობლემასაც შექმნის.
ანდრია პირველწოდებულის მესამე შესახვევში მიმდინარე ეს კონკრეტული მშენებლობა არ არის ერთადერთი, რომელსაც გონიოელები ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივების დიდ ნაწილს მთლიანად სანაპირო ზოლში, უკვე ტენდენციად ქცეული მრავალსართულიანი მშენებლობები დიდი ხანია არ მოსწონს.
სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას არ აპირებს მშენებელი. კახა ბასილაშვილმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ პროცესი ყველა კანონის დაცვით მიმდინარეობს, ამიტომ სართულების შემცირებას არ აპირებს.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო ნებართვა მშენებელმა 2018 წელს მიიღო და ექვსი სართულის აგებას გულისხმობდა, რაც იმ დროისთვის მოქმედი კანონის შესაბამისი იყო. მზია შავაძის განმარტებით, პროექტში ცვლილებები მხოლოდ დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზეა შესაძლებელი.
გონიო-კვარიათში სანაპირო ზოლის იერსახის ცვლილება წლების წინ დაიწყო, პირველი მრავალსართულიანი შენობა, რომელიც პლაჟთან აშენდა „პირამიდას“ სახელითაა ცნობილი. მას შემდეგ ზღვასთან მაღლივი სახლები ყოველწლიურად ჩნდება. ადგილობრივებმა საჩივრებით არაერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, თუმცა სამშენებლო ბუმი არ წყდება.