თბილისში გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა

795

თბილისის განაშენიანებულ ტერიტორიაზე, საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშვე ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ თბილისი განიცდის საზოგადოებრივი დანიშნულების მწვანე სივრცეების მწვავე უკმარისობას.

„გენგეგმის განახლების პროცესში ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეს საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, თბილისის ურბანიზებულ (ნაშენ) ტერიტორიაზე, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, მაშინ როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა (OSCE 2011). საშუალო ნორმატიული მაჩვენებელი ევროპული ქალაქებისათვის ერთ მოსახლეზე 20 კვ.მ გამწვანების არსებობას ითვალისწინებს. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, თბილისის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ქალაქის მწვანე სივრცეებით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული გეგმარებითი საქმიანობა. მიმდინარე ეტაპზე, გენერალური გეგმის შესასრულებელ რეალისტურ ნიშნულად მიგვაჩნია ერთ მოსახლეზე მინიმუმ 10 კვ.მ ურბანული საერთო სარგებლობის მწვანე სივრცის დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტა, სულ მცირე, სამჯერ გაზრდის საერთო სარგებლობის ღია, ურბანული გამწვანებული სივრცეების ფართობს. შედეგად, 2030 წლისთვის, ქალაქი მიიღებს 1327 ჰა საერთო სარგებლობის ურბანულ გამწვანებულ ტერიტორიას, ნაშენი თბილისის ფარგლებში, რომელთაგან პირველადი ზონირების მოდელის მიხედვით არსებული
ნაშენი სტრუქტურის შიგნით 490ჰა. განთავსდება“, – ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის კონცეფციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი