საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარეობს

831

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წარდგენა და განხილვა მიმდინარეობს.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციას, არსს და შესრულებულ სამუშაოებს საკრებულოს წევრებს გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცნობს. განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და სხვა პირები ესწრებიან. შეხვედრის მონაწილეებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დავით ნარმანიამ მიმართეს.
დავით ნარმანიას თქმით, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა დაასრულა სამუშაოები და გენგეგმის პირველი ვარიანტი წარადგინა, რომელიც განხილვებს უნდა დაექვემდებაროს. მერის განცხადებით, გენგეგმის პროექტი ატვირთულია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე www.tas.ge და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოამზადონ საკუთარი შენიშვნები და წინადადებები და მერიაში ან არქიტექტურის სამსახურში წარადგინონ.
თბილისის მერის ინფორმაციით, ურბანული განვითარების რუკებთან ერთად მომზადებულია რეგულაციები და წესები ქალაქის უკეთესი განვითარებისათვის. ნარმანიას თქმით, საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ დოკუმენტი დასამტკიცებლად საკრებულოში სექტემბერში შევა.

წყარო: ინტერპრესნიუსი