ზუგდიდში სამეგრელოს ტურიზმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება

1492

15 იანვარს, ზუგდიდში სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის ტექნო-პარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგია/სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს. სტრატეგია/სამოქმედო გეგმა შემუშავებულია მოწვეული ექსპერტის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამონაწილეობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ტურიზმის მიმართულების გუნდის აქტიური ჩართულობით.

„„სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგია/სამოქმედო გეგმის“ მიზანია ისეთი გზამკვლევი დოკუმენტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის მდგრად განვითარებას და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდას. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამეგრელოს რეგიონში ახალი და ინოვაციური ტურისტული პროდუქტების შემუშავება, ახალი და არსებული ტურისტული ობიექტებისა და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის თანამშრომლობით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები.