გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ qartli.ge-ს სკოლის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
,,განახლებული სასწავლო დაწესებულება საკუთარ მოსწავლეებს უკვე ელოდება” – აცხადებს სკოლის დირექტორი ლელა ბიბილური.
მისი განმარტებით, სკოლა თანამედროვე სტანდატებს აკმაყოფილებს, გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს.
qartli.ge წერდა, რომ 2018 წლის ზაფხულიდან სკოლის რეაბილიტაცია ამერიკის მთავრობის დაფინანსებით დაიწყებოდა. ქვეშის საჯარო სკოლის შენობა ავარიული იყო. შედარებით უარეს მდგომარეობაში იყო სპორტული დარბაზი. სპეციალისტების გადაწყვეტილებით, ძველი სპორტული დარბაზი მთლიანად დაინგრა. მის ნაცვლად კი, ახალი დარბაზი გაკეთდა.
2017 წლის ნოემბერში ქვეშის საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. ამის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვიტეს. 229 ბავშვიდან 82 მოსწავლე ქვემო არცევის დაწყებით სკოლაში გადანაწილდა. დანარჩენი 147 – გარეჯვრის სკოლაში.