გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქში არსებულ ერთ-ერთ კომპანიას ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებელის გადაუხდელობის გამო უჩივლა. საქმე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც სარჩელიდან ირკვევა, კომპანიას უნდა გადაეხადა 2019 წლის 31 ივლისამდე პერიოდის ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებელი ყოველთვიურად 5 ლარის ოდენობით; მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მას არ გადაუხდია 51 თვის დავალიანება.
კომპანიის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. როგორც ცნობილია, 51 თვის დავალიანებამ 255 ლარი შეადგინა. მოსამართლემ გორის მერიის სარჩელი დააკმაყოფილა.
კომპანიას, გარდა აღნიშნული 255 ლარის გადახდისა, მერიის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 100 ლარის გადახდა.