„კიკვიძის ბაღის პროექტში მერიამ ცვლილებები შეიტანა, რის გამოც კონტაქტორმა მისი დროულად დასრულება ვერ შეძლო”

837

კომპანია “ინშაათ საქართველო” კიკვიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზებს განმარტავს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

როგორც კომპანიის ხელმძღავანელი შოთა ბაღათურია ამბობს, პროექტის ცვლილების გამო ადგილზე სამუშაოების შესრულება გართულდა, რამაც ვადების გაჭიანურება გამოიწვია. ბაღათურიას თქმით, კომპანია ვადაგადაცილების გამო ჯარიმებსაც იხდის.

“მუნიციპალიტეტმა პროექტის გაუმჯობესების მიზნით გადაწყვეტილება მიიღო და პროექტში კორექტირება შეიტანა. სამუშაო ტიპი შეიცვალა და უფრო გართულდა. შესაბამისად, მას სხვანაირი მიდგომა სჭირდება და სხვა პერიოდი. ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, იმის გათალისწინებით, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადას გადავაცილეთ, ჯარიმების გადახდის პერიოდში ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამუშაოებს ინტენსიურად ვაგრძელებთ… ბრალეული აქ არავინ არ არის, არის გარემოება, რომელიც პირველ რიგში მოსახლეობის ინტერესებშია, შემდეგ მერიის და შემდეგ ჩვენი. ჩვენც გვინდა, რომ რასაც ვაკეთებთ ხარისხიანად და კარგად გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმების გადახდა გვიწევს,“- ამბობს კომპანია “ინშაათ საქართველოს” წარმომადგენელი შოთა ბაღათურია.

შეგახსენებთ, კიკვიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, რომლის დასრულებაც ხელშეკრულებით 225 დღეში იგეგმებოდა. ამის შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და მისი დასრულება 2019 წლის 30 ნოემბრამდე გადავადდა. კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციაში კი თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 4.9 მილიონ ლარს ხარჯავს.