საქართველოს საავტომობილო გზებზე ე. წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა მოხდება. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, „შავი წერტილი“ გულისხმობს გზის არაუმეტეს 300 მეტრიან მონაკვეთს, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული სულ ცოტა ოთხი ავტოსაგზაო შემთხვევა და/ან ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და/ან დაღუპვით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.
კანონპროექტის მიხედვით გზებზე „შავი წერტილების“ იდენტიფიცირებას მოახდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შემდგომ შსს ამ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსა ან/და მუნიციპალიტეტების ორგანოებს მიაწვდის, მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, გზებზე „შავი წერტილების“ აღმოფხვრის და მათზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და/ან მუნიციპალიტეტების ორგანოები შეიმუშავებენ შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად წესებს. ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს არსებულ მონაკვეთებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.