გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში თებერვლამდე თანამშრომელთა შემცირება იგეგმება

673

გორის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოში თვის ბოლომდე თანამშრომელთა შემცირებაა დაგეგმილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, თანამშრომელთა ნაწილს სახელშეკრულებო ვადა დაუსრულდა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ შეუძლია იმის თქმა, თუ რამდენ მათგანთან გააგრძელებს სააგენტო თანამშრომლობას.

“ჯერ კიდევ გადაწყვეტის პროცესშია საკითხი თანამშრომლებთან ურთიერთობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე პროცენტული გათვლა არ შემიძლია, მაგრამ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება. გასული წლიდან დავიწყე მე ამ კუთხით მუშაობა და რამდენიმე ადამიანს ხელშეკრულება 2019 წლიდან აღარ გაუგრძელდა”, – გვითხრა გელა კაპანაძემ.

აღსანიშნავია, რომ საკადრო ცვლილებებს წინ უძღოდა მერის რეკომენდაციები, რომელიც კონსტანტინე თავზარაშვილმა გელა კაპანაძეს აუდიტის დასკვნის საფუძველზე მისცა.

სააგენტოს ხელმძღვანელი აუდიტის რეკომენდაციებს ეთანხმება, თუმცა აქვე ამბობს, რომ უფუნქციოდ მათთან არავინ მუშაობდა და თანხები მათი ანაზღაურებისთვის რელევანტურად გაიცემოდა.

“რაც შეეხება აუდიტის რეკომენდაციებს, თანამშრომელთა რაოდენობა სააგენტოში მართლაც ბევრია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ 520 ადამიანიდან 60% პედაგოგია. მაგალითად 23 ახალი წრე გავხსენით რაიონებში და კულტურული ცხოვრება აღვადგინეთ. რომ არა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრი, შეუძლებელი იყო ჩვენი ამ ჩანაფიქრის განხორციელება. მესმის, რომ ყველა ადამიანის უკან ოჯახია, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გავექცევით თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების პროცესს”, – აღნიშნავს სააგენტოს ხელმძღვანელი.

კაპანაძის თქმით, “ამ ეტაპზე საკადრო პოლიტიკის უმტკივნეულოდ წარმართვის გზას ეძებს”.