საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.
სწორედ მინისტრთა კაბინეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეუწყდება თუ არა ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონსორციუმმა ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.
„ჩვენ ხვალ გვაქვს მთავრობის სხდომა და მთავრობის სხდომის ფარგლებში ამ საკითხის განხილვას ვგეგმავთ. ხვალ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ ანაკლიის კონსორციუმთან ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს სწორედ 31 დეკემბრამდე მიეცა ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან ( EBRD, OPIC, ADB, AIIB ) 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევისა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების ვადა.