გორში კერამიკოს გივი ტატულაშვილის კერამიკის მუზეუმი გაიხსნა

937

გორში ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმი გაიხსნა. გორის მერიის ცნობით, ღონისძიება გორის მკვიდრი კერამიკოსის, გივი ტატულაშვილის სახელოსნოში გაიმართა.

აქვე განთავსდა მუზეუმიც, რომელიც გორში ჩამოსულ ტურისტებს მოჭიქული კერამიკის წარმოების გორულ ტრადიციებს გააცნობს. მუზეუმის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპოზიციის დამთვალიერებლები დაესწრნენ.

„გორის კერამიკულ ნაწარმს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის მოიასამნისფერო ჭიქურზე მწვანე საღებავებით მოხატვის ტექნიკით იყო გამორჩეული და განსაკუთრებით ცნობილი იყო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.

გივი ტატულაშვილი ამჟამად რეგიონში ერთადერთი კერამიკოსია, რომელიც თავის შემოქმედებით წინაპრების საუკუნის წინანდელ ტრადიციასაც აგრძელებს და, ამავე დროს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით უფასოდ ასწავლის ხელობას შეგირდებს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.