„ნაცმოძრაობის“ წევრებმა პროკურატურაში კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირეს

1533

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროკურატურაში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირეს. განცხადებები თბილისის მერიის საახალწლო ხარჯებსა და ვაკეში სკამების შესაძენ სატენდერო დოკუმენტაციას ეხება.

კერძოდ, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მთავარი ნაძვის ხის ვიზუალი არ შეესაბამება მასში გადახდილ თანხას – ერთ მილიონ ლარს. ასევე, მისი თქმით, ვაკეში შესაძენი სკამების სატენდერო დოკუმენტაცია მიზანმიმართულად იტალიურ კომპანიაზე არის მორგებული.

საგამოძიებო უწყებასთან საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციის წევრებმა აქციაც მოაწყვეს. მათ კახა კალაძის ფოტოები გამოფინეს, რომლებიც, მათი თქმით, ასახავს რამდენიმე ისეთ შემთხვევას, რაც მიზეზია იმისა, რომ დედაქალაქის მერი საკრებულოს მაგივრად პროკურატურაში უნდა იყოს.

ლევან ხაბეიშვილმა ჩამოთვალა ისინი და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანზე კახა კალაძეს პასუხის გაცემა მომავალ წელს პროკურატურაში მოუწევს.

„დღეს საკრებულოში კახა კალაძე ანგარიშსაც აბარებს და ბიუჯეტიც უნდა დაამტკიცოს. ვფიქრობთ, სიმბოლურია ეს ნაბიჯი, დღეს ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე არ შევდივართ, ბოიკოტს ვუცხადებთ. საკრებულოში კი არ უნდა იყოს ეს კაცი, უნდა იყოს პროკურატურაში – აქ გვაქვს რამდენიმე „ქეისი” წარმოდგენილი, რომელშიც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული. ასეთია: წულაიას, ნათელმირონს და „ქართული ოცნების” დეპუტატს რომ გადასცა 16 მილიონ ლარის ქონება ერთ ლარად, ამაზე იცით, რომ გამოძიებაც დაწყებულია სუს-ში; აქ არის კალაძის, მილანის, განათების, ნაძვის ხის, ურნების და სკამების და ათობით მილიონის ამბავი, რაც გულისხმობს იმას, რომ მილანში რომ ეზიდება ბიუჯეტს და მორგებული აქვს ტენდერები კონკრეტულ იტალიურ კომპანიას და ა.შ. ამაზეც რომ გამოძიება უნდა დაიწყოს; აქ არის კორპუსებს რომ სკვერებში დგამს და ა.შ. და ამის ნათელი მაგალითია ანას ბაღი, სადაც 47 დღეა ადამიანები კარავში ათენებენ და ფიზიკურად იცავენ სკვერს; აქ არის ოდიშარიას ამბავი, ყველამ ვიცით, რომ ა.წ. იანვრის თვე იყო, როცა თბილისელების 5 მილიონი ლარის ქონება აჩუქა თავის ძმაკაცს და „ქართული ოცნების” დეპუტატ ოდიშარიას, ესეც გამოსაძიებელი საქმეა; აქ ასევე არის დაუსრულებელი სამუშაოები და მილიონობით ლარი „ქართული ოცნების” შემომწირველებს, უამრავი ასეთი „ქეისია” – აეროპორტის გზა, ჭავჭავაძე, ხიზანიშვილი, კანდელაკი და ა.შ. ამ საქმეებზეც მნიშვნელოვანია, გამოძიება დაიწყოს; და ეს არის კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი – „ბოტები“, „ტროლები“ და კალაძის 5 მილიონი ლარი, პიარში რომ ხარჯავს, „ფეისბუქის” ჩართვა-გამორთვაში და ა.შ. სიმბოლურად მოვიტანეთ ეს ყველაფერი აქ. ეს კალაძის წლის ბოლო ანგარიშია, რომელსაც ის მის ნოტარიუსს აბარებს, რადგან მომავალ წელს ის საკრებულოში ვერ ჩააბარებს ანგარიშს, ის იქნება პროკურატურაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთანავე, ფრაქციის წევრები პროტესტის ნიშნად დღეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც კახა კალაძე 2019 წლის ანგარიშსა და 2020 წლის ბიუჯეტს წარადგენს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებით, თბილისის მომავალი ბიუჯეტის დოკუმენტი მორგებულია „ქართული ოცნების“ ინტერესებზე და არა მოსახლეობის ინტერესებზე.