ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები სარეკრეაციო ზონები იყოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა, მერიის წინ გამართული აქციის მონაწილეების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ელოშვილის თქმით, მიწები, რომელზეც აქციის მონაწილეები საუბრობენ, წინა გენგეგმის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ან სარეკრეაციო იყო და რამე ტიპის განაშენიანება ამ ტერიტორიებზე, მიუღებელია.
„ახალი გენგეგმით მდგომარეობა არ გაუარესებულა და ისევ დაახლოებით იგივე სტატუსები მიენიჭა. შესაბამისად, მოთხოვნა იმისა, რომ იქ მოხდეს რამე ტიპის განაშენიანება ამ ეტაპზე მერიისთვის მიუღებელია. ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები იყოს სარეკრეაციო ზონები, ისევე, როგორც ეს იყო წინა გენგეგმით“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
მისი თქმით, გამოსყიდვის საჭიროების შემთხვევაში, მერია მფლობელებს ტარიფზე გონივრულ ფარგლებში დაელაპარაკება, თუმცა, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას.
„რაც შეეხება ტარიფს, ამ ეტაპზე, ტარიფზე მოლაპარაკებები არ გვაქვს. თუ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ გვჭირდება გამოსყიდვა რამე ტერიტორიის, ამ შემთხვევაში, აუცილებლად გონივრულობის ფარგლებში დაველაპარაკებით ტარიფთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე, არ დგას საკითხი არანაირ გამოსყიდვაზე, საკითხი დგას, რომ მიწებს არ გაუარესებია სტატუსი ახალი გენგეგმით. ჩვენ მოგვწონს სტატუსი, რაც მინიჭებული აქვს ამ მიწებს და შესაბამისად, ამ ეტაპზე გამოსყიდვაზე არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა ელოშვილმა.
როგორ მან აღნიშნა, მერიის მიერ ამ ტერიტორიებზე მშენებლობის შესახებ არც ერთი ნებართვა არ გაცემულა.
„მერიის მხრიდან არც ერთი ნებართვა არ გაცემულა ამ ტერიტორიაზე მშენებლობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ იყო შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების რამდენიმე გეგმა (გრგ). კანონის მიხედვით, ეს გეგმა არის უფრო მაღალი სტატუსის მქონე, ვიდრე გენგეგმა, შესაბამისად, ამ რამდენიმე გრგ-ს ვერ შევუჩერებდით სტატუსს, დანარჩენებზე კი, არანაირი ნებართვა არ გაცემულა. ერთი ნებართვაა, სასათბურე მეურნეობაზე, რომელიც ჯდება სასოფლო-სამეურნელო მიწის ფუნქციაში. ჩვენ არაერთხელ შევხვდით ამ ადამიანებს და მათ ძალიან კარგად იციან მერიის პოზიცია“, – განაცხადა ელოშვილმა.
სოფელ ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების მფლობელებმა თბილისის მერიის წინ აქცია გამართეს. მიწის მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მიწებზე, რომლებსაც წლებია, ფლობენ, დედაქალაქის ახალი გენერალური გეგმის თანახმად, მშენებლობის უფლება გაუუქმდათ, რადგან ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა. მიწის მესაკუთრეები აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა შესთავაზა, თუმცა, მათივე თქმით, მუნიციპალიტეტმა ჯერ საკითხის გადაწყვეტა გააჭიანურა, რამდენიმე კვირის წინ კი, მიწების გამოსყიდვა მინიმალურ ფასად შესთავაზა, რაც მოქალაქეთა განცხადებით, მათთვის მიუღებელია.
ავტორი – მარიამ სეთურიძე