სოფელ ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების მფლობელებმა თბილისის მერიის წინ აქცია გამართეს.
მიწის მესაკუთრეების თქმით, მიწებზე, რომლებსაც წლებია, ფლობენ, დედაქალაქის ახალი გენერალური გეგმის თანახმად, მშენებლობის უფლება გაუუქმდათ, რადგან ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა.
ისინი აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა შესთავაზა, თუმცა, მათივე თქმით, მუნიციპალიტეტმა ჯერ საკითხის გადაწყვეტა გააჭიანურა, რამდენიმე კვირის წინ კი მიწების გამოსყიდვა მინიმალურ ფასად შესთავაზა, რაც მოქალაქეთა განცხადებით, მათთვის მიუღებელია.
აქციის მონაწილეები მერიისგან ადეკვატურ შეთავაზებას ან სტატუსის საკითხის მოგვარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის სახელზე განცხადებაც შეიტანეს. მათი მოთხოვნაა, კალაძესთან შეხვედრა და საუბარი.