2019 წელს ჩვენ ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტული ქალაქი და ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება, ხოლო მომავალი წელი იქნება ბათუმის საინვესტიციო ქალაქად აღიარების წელიწადი, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საუბრისას განაცხადა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში 43%-ით გაიზარდა აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 112.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
“აჭარის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოლიტიკა და ის ეკონომიკური საკითხები, რომლის შედეგად რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები ჩნდება. წლის დასაწყისში ვამბობდით, რომ ახალი საინვესტიციო პორტფელი იქნებოდა 3 მილიარდი ლარი. დღეის მდგომარეობით, ეს ნიშნული უკვე 4 მილიარდი ლარია და 2000 ახალი სამუშაო ადგილი.
გარდა საინვესტიციო პროექტებისა, რომელიც რეგიონში ხორციელდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონის საერთაშორისო აღიარება. 2019 წელს ჩვენ ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტული ქალაქი და ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება, ხოლო გამომცემლობა Forbes-მა ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების ხუთეულში შეიყვანა. მომავალი წელი იქნება ბათუმის საინვესტიციო ქალაქად აღიარების წელიწადი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ა/რ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი წილი მოდის ენერგეტიკის სექტორზე, იკვეთება რეინვესტიციის მაღალი მაჩვენებელი, იზრდება ინვესტიციები მშენებლობის და ტურიზმის სექტორში.
აღსანიშნავია, რომ Forbes-მა ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სიაში შეიყვანა. გამოცემამ ინვესტიციების განხორციელებისთვის საუკეთესო ევროპულ ქალაქებს შორის ბათუმის გარდა, კიდევ დაასახელა ქალაქები: როტერდამი, ნეაპოლი, მეჟევი, სეკეშფეჰერვარი და პორტო.