თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მხრიდან შემოთავაზებულია ახალი რეგულაციები, რომელიც ქალაქის განვითარების თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტ წესრიგს მოგვცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით და შეიცვლება თუ არა არქიტექტურის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი.
დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ინტენსიურად მიმდინარე მშენებლობების გამო წელიწადნახევრის წინ ინტენსივობის K2 კოეფიციენტის შეზღუდვა მოხდა, რათა კიდევ უფრო მეტად არ გადაჭედილიყო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მშენებლობები.
”ამავდროულად დაიწყო ქალაქის განაშენიანების ახალ გენერალურ გეგმაზე მუშაობა, რომელიც გასულ კვირას დასრულდა. გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მხრიდან შემოთავაზებულია ახალი რეგულაციები, რომელიც ქალაქში კიდევ უფრო მეტ წესრიგს მოგვცემს. დაიწყება გენგეგმის საჯარო განხილვები, რათა დაიხვეწოს წარმოდგენილი პროექტი და შემდგომ შევთავაზოთ დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებულად”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს არა მხოლოდ ქალაქის ურბანული განვითარების ახალი რუკების მომზადებას, არამედ შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების დახვეწასაც.
”რაც შეეხება არქიტექტურის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესში ცვლილებას, ამ წესში არა მგონია რაიმე ცვლილება იყოს საჭირო. მთავარია, რომ გვქონდეს უკეთესი მარეგულირებელი ნორმები ურბანული განვითარებისთვის და სხვა დანარჩენ ნაწილში არსებობს ურბანული საბჭო, რომელიც კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, განაშენიანების რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებს, ასე, რომ არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი არის მენეჯერი, რომელიც კანონმდებლობის, წესდებისა და პროცედურების დაცვაზეა პასუხისმგებელი”, – განაცხადა ნარმანიამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი