მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, შესაძლოა, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალოს. მტკვრის მარცხენა სანაპიროს ავტოტრანსპორტისგან გამოთავისუფლების რეკომენდაციას თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი იძლევა.
როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, საუბარია კონკრეტულ მონაკვეთზე, დაახლოებით ზაარბრიუკენის მოედნიდან მარჯანიშვილამდე პერიმეტრზე.
„ამ იდეის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა გრძივი უწყვეტი კავშირი შედგება ქალაქში, ამიტომ ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა, თუმცა პროექტში ეს დევს იმიტომ, რომ რაღაც ისეთი არ მოხდეს ამ მიდამოებში, რომ მერე ხელი შეუშალოს ამ იდეის განხორციელებას.
საჯარო ტრანსპორტი აუცილებლად უნდა დარჩეს. აქ ლაპარაკია მხოლოდ ინდივიდუალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვაზე.
როგორც იდეა კარგია, თუმცა მათ შესრულებას დრო უნდა და იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამას მოამზადებს“, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან გათვალისწინებულია ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მიზნით.
”ჩვენი ხედვით მტკვრის ნაპირების ძირითად საქალაქო სარეკრეაციო სისტემად ჩამოყალიბებას ალტერნატივა არ გააჩნია: თბილისის უბნების უმრავლესობისათვის, მტკვრის სანაპიროები ყველაზე ახლო, ადვილად მისაწვდომ სივრცეებს წარმოადგენს. მტკვრისპირა მწვანე სისტემის ჩამოყალიბება ქალაქის ცენტრის სარეკრეაციო სივრცეებით გამდიდრების ერთადერთი პრაქტიკული გადაწყვეტაა”, – ნათქვამია კონცეფციაში.
კონცეფციის ავტორების ხედვით, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ, უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საფეხმავლო ქსელი, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით, ქალაქის მთელ სიგრძეზე. მდინარეზე განთავსებულმა საფეხმავლო კავშირებმა, მტკვრის ერთმანეთისგან იზოლირებული, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ერთიან სარეკრეაციო სივრცედ უნდა აქციოს.
ისტორიული ნაწილში, ქალაქის მტკვრისპირა სივრცეები: ორთაჭალა, რიყე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საქანელას ქუჩა, მუშტაიდის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიები, ყალიბდება ერთიან სარეკრეაციო სისტემად საფეხმავლო კავშირებითა და ღია სივრცეებით. დედაენის პარკსა და რიყეზე ჯებირებისაგან მდინარის გათავისუფლებით, შესაძლებელი გახდება უშუალოდ მტკვრის ნაპირთან დასვენება, რაც კიდევ უფრო ორგანულად შეაკავშირებს მდინარესა და ქალაქის ისტორიულ ნაწილს.
კონცეფციით გათვალისწინებულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან, ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მიზნით.
ქალაქის ჩრდილოეთით, დიღმის ჭალების ვრცელი ტერიტორიები იქცევა მსხვილ საქალაქო ლანდშაფტურ პარკად, არაფორმალური ღია სივრცეებითა და დაცული ბუნებრივი გარემოს ელემენტებით. მდინარისპირა ლანდშაფტური პარკების ფუნქციას იძენს დირსიჭალისა და ორთაჭალის მდინარისპირა გაუნაშენიანებელი სივრცეები.
მთლიანობაში, გეგმარებითი მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემის ფართობი, დაახლოებით ორჯერ აღემატება არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკების და სკვერების ჯამურ ფართს.
კონცეფციით გათვალისწინებულია მდინარე ვერეს გასწვრივ, სარეკრეაციო სივრცეების ქსელის განვითარება, რომელიც დაბოლოვდება მზიურისა და ამჟამინდელი ზოოპარკის ერთიანი სარეკრეაციო სივრცით.
წყარო: ინტერპრესნიუსი